პირველი მაისი

PIRIVELI MAISI_Site Plan.jpg

სოფელ პირველი მაისის მეჩეთი

პირველი მაისის (სოფელს ეს სახელწოდება მშრომელთა საერთაშორისო დღის პატივსაცემად ეწოდა) მეჩეთი, კვირიკეს და მახალაკიძეების ნაგებობათა ასაკისაა და მათ მსგავსად, ხის მრავალფეროვანი ვერნაკულარული ორნამენტებით გამოირჩევა. 1990-იან წლებში გადაღებვის შედეგად, მეჩეთის ინტერიერმა რეგიონის სხვა რელიგიურ არქიტექტურულ ძეგლებთან შედარებით, ყველაზე ხალისიანი სახე მიიღო. ამასთან, პასტელური ფერები ხის ორნამენტების თავისებურებებს განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს. მეჩეთის სვეტების თითოეულ კაპიტელზე გამოსახული ხელნაკეთი ნაყშების დიდი ნაწილი უნიკალურია. რიგებად ჩალაგებული ტიტების, ვაზის, წნული და გეომეტრიული მოტივები აივნის და ანტრესოლების დამჭერ სხივებს ამშვენებენ. თავდაპირველი მინბარი, რომელიც როგორც წესი, აჭარულ მეჩეთებში ორნამენტებით ყველაზე მეტადაა შემკული, სავარაუდოდ, საბჭოთა პერიოდში დაზიანდა. ამის გამო, თავდაპირველი გეომეტრიული ნაკვეთი ელემენტები მინბარის ქვედა მარჯვენა კუთხის ორ ხის პანელზეღაა შემორჩენილი. დანარჩენი ნაწილები კი სადა, შეღებილი ფიცრებითაა ჩანაცვლებული. სავარაუდოდ, გვიან მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილი ან ჩანაცვლებული ჭერის მედალიონი უჩვეულო, არაბესკის სტილის ჩარჩოშია ჩასმული. მეჩეთში არსებული ერთადერთი დამაგრებული ორნამენტი მეჩეთის კარზეა გამოსახული, რომელიც თავის მხრივ, დაკარგული ძველი ორიგინალის სანაცვლოდ, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაამზადეს. მართალია, პირველი მაისის მეჩეთს თავისი მრევლი ჰყავს და ამასთან, მნიშვნელოვანი არქიტექტურული ღირებულებაც გააჩნია, ადგილობრივმა თემმა ადრეულ 1990-იან წლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გარდა, რესტავრაციის ორგანიზება ვერ მოახერხა.



მუნიციპალიტეტი : ქედა
მდებარეობა :  41°34’47.6”N 42°12’42.5”E
მოსახლეობა : 525; პირველი მაისის თემი - 1213
აგების თარიღი: 1865 (ჰიჯრით 1281)  
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : ადრეული 1990-იანი წლები
მშენებელი : ბაშუსტა ალი კილაოღლი
მინარეთი: არ გააჩნია; ქვით და აგურით აგებული ძველი მინარეთი 1930-იან წლებში დაინგრა